Sunday, 1 July 2018

ხალიდ ალ-ხამისის "ტაქსი"/არაბულიდან თარგმნა ირმა მახარაძემ

          ხალიდ ალ-ხამისის, ეგვიპტელი მწერლის რამდენიმე ამბავი კრებულიდან “ტაქსი”, რომლებიც ავტორმა ტაქსით მგზავრობის დროს შეკრიბა. ხალიდ ალ-ხამისი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მას უყვარს ტაქსის მძღოლებთან საუბარი, რადგან ისინი ეგვიპტის ქუჩების ნამდვილი ბარომეტრები არიან. კრებულში თავმოყრილია 2005-2006 წლებში შეკრებილი ამბები. ტაქსისტებიც, ვისთანაც მწერალი მგზავრობის დროს საუბრობდა, სხვადასხვა განათლების ადამიანები არიან, წერა-კითხვის უცოდინარიდან დაწყებული, აკადემიური ხარისხის მქონე მძღოლებით დამთავრებული, თუმცა, მწერალი ამბობს, რომ მეცნიერებათა დოქტორები ჯერ არ შეხვედრია. ტაქსისტები კარგად იცნობენ საზოგადოებას, რადგან, პრაქტიკულად, ქუჩაში ცხოვრობენ და ყოველ დღე უამრავ სხვადასხვა ტიპის ადამიანს ხვდებიან.
    წიგნი პირველად 2006 წელს გამოიცა და მალევე იქცა ბესტსელერად. “ჩვენი მწერლობის” მკითხველი უკვე იცნობს რამდენიმე ისტორიას ამ წიგნიდან (#7, 2013; #19, 2013; #10, 2014). მიუხედავად იმისა, რომ პირველი გამოცემიდან თითქმის ათი წელი გავიდა, აქტუალობა ჯერაც არ დაუკარგავს. ბევრგან, ქართველი მკითხველი ჩვენი საზოგადოების პრობლემებსაც ამოიცნობს.

***
       განათლების და კერძო გაკვეთილების საკითხი ერთ-ერთი უმთავრესია იმათგან, რაც ეგვიპტელებს აწუხებთ. აქტუალობით მხოლოდ სარჩოს მოპოვებაზე ზრუნვას ჩამოუვარდება. ეს ორი საკითხი ადამიანების დიდი მასის აზროვნებაში დომინირებს, რადგან ეგვიპტე, ძირითადად, ოჯახზე ორიენტირებული ქვეყანაა და ბავშვები ეგვიპტურ ოჯახს ხმაურით, სიყვარულით, იმედით და, რასაკვირველია, განათლებასთან და კერძო გაკვეთილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ნერვიულობით ავსებენ. 
       ყოველი ეგვიპტელი ფულის შოვნას იმისთვის ცდილობს, რომ კერძო მასწავლებლებს გადაუხადოს. კერძო გაკვეთილები ბრენდივითაა. შეგიძლიათ ნებისმიერი ფასის მასწავლებელი იპოვოთ, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა კლასს და სეგმენტს მოემსახურება. მათემატიკის გაკვეთილი შეიძლება 10 ეგვიპტური გირვანქა ღირდეს, რაც თვეში 100 გირვანქას შეადგენს. თუ თქვენი შემოსავალი ამ თანხის გადახდის საშუალებას არ გაძლევთ, არსებობს გამეორების გაკვეთილები, ჯგუფური გაკვეთილები, სასწავლო ცენტრები, მოკლედ, ნებისმიერ ფინანსურ მდგომარეობაზე გათვლილი ბიზნესი.
      თუ მძღოლთან, რომელსაც სასკოლო ასაკის შვილები ჰყავს, განათლების სისტემას შეეხე, რაკეტასავით გავარდება და ვეღარავინ შეაჩერებს, ნასას ინჟინერიც კი.
      2005 წლის სექტემბრის იმ დღეს ჩემს სამ შვილს სწავლის საფასური გადავუხადე. ტაქსიში რომ ჩავჯექი, სკოლაში გადახდილი ფული ჯერ კიდევ არ იყო გაციებული სეიფში. მე წამოვიწყე და მძღოლმა განაგრძო:
     -ჩემი შვილები ნამდვილად ტვინში სისხლს ჩამიქცევენ. ჩემი ერთადერთი ვაჟი დაწყებითის მეექვსე კლასშია და გეფიცებით, საკუთარი სახელის წერაც კი არ იცის. მიუხედავად ამისა, ყოველი წლის დასარულს გადაწერაში ეხმარებიან და კლასიდან კლასში გადაჰყავთ. სხვა შემთხვევაში, სკოლას პრობლემა შეექმნება. მოსწავლე კლასში თუ ჩარჩა, სამინისტრო სკოლას მონიტორინგის სამსახურს უგზავნის. ვაჟის გარდა ორი გოგოც მყავს, ერთი მესამე კლასშია, მეორე – საშუალო საფეხურის მეორე კლასში.  
     მადლობა ღმერთს, გოგოები ჭკვიანები არიან, მაგრამ მათი კერძო გაკვეთილები ძალიან ძვირი მიჯდება. თვეში თითოეულს 120 გირვანქას ვუხდი. წარმოიდგინეთ, სამ-სამ საგანში ემზადებიან და ერთი საგანი 40 გირვანქა ღირს. საკმარისი თანხაა იმისთვის, რომ სწრაფად გაგვაკოტროს... რაც შეეხება ბიჭს, ალბერტს, როცა გაიზრდება, რამდენი დამჭირდება ასეთი სულელისთვის კერძო გაკვეთილებში გადასახდელად?
    იცით ახლა რას ვაკეთებთ? ჩემი უფროსი ქალიშვილი, ეველინი უტარებს გაკვეთილებს და ჩემგან თავისი გაკვეთილებისთვის გადასახდელ ფულს იღებს. უნდა ვასწავლო, საკუთარი შრომით როგორ იშოვოს ფული.
მძღოლმა გაიცინა.
      -თუმცა, აშკარაა, რომ მისგან ხეირი არ არის, წარმოდგენა არ აქვს, როგორ ასწავლოს. მხოლოდ ფული მიაქვს.
       -კარგი, და სკოლა როგორია? – ვკითხე მე.
    -რას გულისხმობთ? ხომ გითხარით, თავის სახელს ვერ წერს. თქვენ ამას სკოლას ეძახით? ეს უფასო განათლების შედეგია. დღეს, თუ არაფერს იხდი, ვერაფერს მიიღებ. პრობლემა კი ის არის, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვიხდით. დაწყებით სკოლაში წიგნებისთვის 40 ფუნტს ვიხდით, საბაზო სკოლაში – 80 ფუნტს, საშუალოში  100-ს. თუ არ გადაიხდი, წიგნი არ გექნება. სისტემა ამბობს – ან გადაიხადე, ან უწიგნოდ დარჩი.
      საყოველთაო განათლება, ბატონო, ლამაზი ოცნება იყო და სხვა მრავალ ოცნებასავით, გაიფანტა, მხოლოდ ილუზია დატოვა. ქაღალდზე განათლება წყალივით და ჰაერივით არის – ყველასთვის აუცილებელი, მაგრამ სინამდვილეში მდიდრები იღებენ განათლებას, შოულობენ სამსახურს და ფულს, მაშინ, როცა ღარიბები განათლების გარეშე რჩებიან, უმუშევრები და უფულოები. დროს უქმად ყოფნაში ატარებენ. მე შემიძლია, უამრავი ასეთი ადამიანი გაჩვენო. ვერანაირ სამუშაოს ვერ შოულობენ, რა თქმა უნდა, გენიოსების გარდა. ჩემი შვილი, ალბერტი, კი გენიოსი ნამდვილად არ არის. 
   მე რაც შემიძლია, ვაკეთებ. ვიხდი ფულს კერძო გაკვეთილებისთვის. სხვა რა შემიძლია? იქნებ, ღმერთმა მოწყალება მოიღოს მასზე და აჰმად ზავილისნაირი აღმოჩნდეს, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო ქიმიაში.

***
   მძღოლი გაბრაზებული იყო, ძალიან გაბრაზებული. შეიძლება ითქვას, - განრისხებული. ისე მიყვიროდა, თითქოს მე ვიყავი ყველა მისი პრობლემის მიზეზი.
     ახალგაზრდა იყო, დაახლოებით 30 წლის. ეტყობოდა, უნივერსიტეტში ესწავლა. ვცადე მისი დამშვიდება, მაგრამ – უშედეგოდ და, ბოლოს, მითხრა, რატომ იყო გაბრაზებული.
     -გუშინ პოლიციელმა მართვის მოწმობა ჩამომართვა, მობილურზე ლაპარაკობდიო. არადა, უბრალოდ, ხელში მეჭირა. ნაცნობის საშუალებით ვცადე მოწმობის დაბრუნება, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. დღეს ნიკლას საგზაო დეპარტამენტში შევიარე, სადღაც, ქალაქის დასალიერში. ჩვენ, მძღოლები ხომ ადამიანებად არ მივაჩნივართ და დეპარტამენტი, რომელიც ჩვენზე მუშაობს, ისეთ ადგილასაა, მამალიც რომ აღარ ყივის. კანცელარიაში გავარკვიე, რომ ჩემი მართვის მოწმობა დეპარტამენტში ჯერ არ მიუტანიათ. გუშინ ორი საათი დამაკარგინეს, დღესაც ორი საათი და მართვის მოწმობა მაინც არ მაქვს. ჯერ კიდევ არ ვიცი, რამდენს გადამახდევინებენ და რამდენად მომიწევს თავის დამცირება, რომ დავიბრუნო. ამ ყველაფერს ჭკუიდან გადავყავარ. საგზაო დეპარტამენტში ყველაფერს ჩაწყობა სჭირდება, ყველა ნაბიჯზე ქრთამი უნდა გადაიხადო. ამაზრზენია!
   ვერ ვხვდები, რა უნდათ ჩვენგან. სამუშაო არ არის და გვეუბნებიან, ნებისმიერ სამუშაოს მოკიდეთ ხელი, რაც გამოჩნდებაო, მაგრამ ნებისმიერ საქმეში ჩასაფრებულები არიან. გვძარცვავენ, ქრთამს გვთხოვენ. მე არ ვიცი ყველაფერ ამას საით მივყავართ. როგორც ბენზინისთვის მაქვს თანხა გამოყოფილი, ასევე საგზაო დეპარტამენტის ქრთამისთვის, რა ვიცი, როდის დამჭირდება.
       საბოლოოდ, ყველა ფარ-ხმალს ვყრით და ქვეყნიდან გაქცევას ვცდილობთ. ნათელია, მთავრობას დაგეგმილი აქვს, ყველა საზღვარგარეთ გაგვაქციოს. აი, იმას კი ვერ ვხვდები, ჩვენ თუ წავალთ, ვისღა გაატყავებენ. გასაძარცვი აღარავინ დარჩება.
   ვერ ვხვდები, რას ფიქრობს შინაგან საქმეთა მინისტრი, რას გვიკეთებს, სანამ დასაძინებლად დაწვება. ხვდება, რომ ჩვენ განათლებული, კარგად აღზრდილი ადამიანები ვართ? ხვდება, რამდენი იწვალეს ჩვენმა მშობლებმა, ჩვენთვის განათლება რომ მოეცათ? აცნობიერებს, რამდენ შეურაცხყოფას გვაყენებენ პოლიციელები? როცა თავი ბალიშზე უდევს, ხვდება, რომ ჩვენ მიტოვებულები ვართ, არ შეგვიძლია ასე გაგრძელება და აფეთქების პირას ვართ? ეს უკვე მართლა მეტისმეტია ჩვენგან. თავს ვიკლავთ მუშაობით, რომ თავი ვირჩინოთ და შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალებივით და მატყუარებივით გვექცევა. ყველანი მატყუარები ვართ, რადგან პოლიციელი ასეა დარწმუნებული. აშკარაა, პოლიციის აკადემიაში ასწავლიან, რომ ყველა ადამიანი ცრუა, სიცრუეში ცხოვრობს, სიცრუით სუნთქავს და სიცრუეში კვდება. როცა მათ გუშინ ვუთხარი, რომ მობილურით არ ვლაპარაკობდი, პოლიციელმა მითხრა:
-ხედავ, ხელში მობილური გიჭირავს, ესეიგი, ლაპარაკობდი.  ერთი წამითაც არ უფიქრია, იქნებ სიმართლეს ვამბობდი. სიმართლე! როგორ ვიტყოდი სიმართლეს, ჩვენ ხომ, ყველანი მატყუარები და ნაძირალები ვართ, ძველი ფეხსაცმელებივით უნდა გავითელოთ. მე მართლა ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ძველი ფეხსაცმელები ვართ და არა ადამიანები.
          -როგორ ფიქრობთ, ბატონო, ადამიანი ვარ თუ ძველი ფეხსაცმელი?
   შემომხედა. პასუხს ელოდა. სიცილისგან თავი ვერ შევიკავე, იმდენად იყო გამძვინვარებული. ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი:
          -რა თქმა უნდა, ადამიანი.
     მძღოლმა ბოდიში მოიხადა, რომ თავისი ბრაზი ნებაზე მიუშვა ჩემს წინაშე და ამიხსნა, რომ მე ვიყავი პირველი მგზავრი, ვინც საგზაო დეპარტამენტიდან გამოსვლის შემდეგ აიყვანა.
        ცოტა რომ დამშვიდდა, თქვა:
        -იცი, პრობლემის მიზეზი რა არის?
        -რა-მეთქი, ვკითხე. სიცილით მიპასუხა:
     -საქმე ის არის, რომ ტექსტური შეტყობინება მივიღე. წავიკითხე, ანეკდოგი იყო და ხმამაღლა გამეცინა, როცა საკონტროლო პუნქტს ვუახლოვდებოდი. მათ იფიქრეს, რომ მობილურით ვლაპარაკობდი. მთელი ეს გაუგებრობა ანეკდოტმა გამოიწვია.
       -რა ანეკდოტი? - ვკითხე მე.
    -“ყველას მადლობას ვუხდით, ვინც რეფერენდუმში ხმა მოგვცა. განსაკუთრებული მადლობა უმ ნაიმას, რადგან მან ორჯერ მოგვცა ხმა”.


No comments:

Post a Comment